ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე გაეცნო საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიების Emaar Properties -ის და Eagle Hills-ის განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.
კომპანია Emaar Properties -ის დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის მიერ დაფუძნებული კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც შექმნილია მასშტაბური საერთაშორისო პროექტებისთვის, საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურისტულ სექტორებში რეკორდულ ინვესტიციას განახორციელებს 6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით.
უშუალოდ საამიროებში Emaar Properties-ისა და Eagle Hills -ის მსხვილ პროექტებს განეკუთვნება დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე აბუ-დაბიში, პროექტები Dubai Marina-ს ელიტურ საკურორტო ზონასა და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი Emaar Properties/Eagle Hills -ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს, მოჰამედ ალაბარს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, Eagle Hills -ის ინვესტიცია უპრეცედენტოა და მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში აქამდე არ განხორციელებულა.
მისი თქმით, ისეთი მაღალი კლასის ჯგუფის შემოსვლა საქართველოში, როგორიცაა Emaar – ი, მნიშვნელოვანი გზავნილია გლობალური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და საინტერესო ქვეყანა გრძელვადიანი ინვესტირებისთვს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა Emaar – თან მოლაპარაკებას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა.
„დაიწყება პროექტების განვითარების მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში, კომპანია დააფუძნებს წარმომადგენლობას საქართველოში. შემდეგ მოხდება მუშაობა გენერალურ გეგმარებასა და სანებართვო პირობებზე. ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყება სამუშაოები ორივე ლოკაციაზე“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, Emaar -ი და Eagle Hills-ი მსოფლიოს 15 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ინვესტიციას ახორციელებს, მისი პოლიტიკაა, მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები.
მისი თქმით, შედეგად, როგორც სამშენებლო, ასევე არქიტექტურული და ურბანული მიმართულებით, კომპანიის საერთაშორისო კლასის სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად იქნებიან ჩართული ადგილობრივი პროფესიონალები და კომპანიები, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება საქართველოს ეკონომიკაში.
„ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ე.წ. ხარისხიანი ინვესტიციების შემოსვლაზე. ამჯერად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ხარისხიანი ინვესტიცია, როდესაც ფინანსურ ნაკადთან ერთად, შემოდის მაღალი კლასის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ახალი ტექნოლოგიები და სხვა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.