„ისფედი“ საარჩევნო თაღლითობაში გამოცდილი ორგანიზაციაა, მისი დაფინანსება ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას - შალვა პაპუაშვილი

07 მარტი 2025, 11:39 196 ნახვა

„ისფედი“ ცნობილია უკვე როგორც თაღლითური ორგანიზაცია, რომელმაც ჯერ კიდევ 2020 წელს გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ყალბ შედეგებს ავრცელებდა, თავის დონორთან „იუესეიდთან“ ერთად, რომელსაც ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ კრიმინალი უწოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ისფედი“ „იუესეიდის“ ხელმძღვანელობასთან ერთად მალავდა არჩევნების ნამდვილ შედეგებს და ქართველ ამომრჩეველს ატყუებდა.

„ქართველ ხალხს გვატყუებდნენ, რომ რაიმენაირად აეყირავებინათ მაშინ ხელისუფლება და არჩევნები. ხოლო 2024 წელს მათ უკვე დამალეს და არ გამოაქვეყნეს პარალელური დათვლის შედეგები. ადრეც ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია, რომ არ გამოექვეყნებინათ შედეგები, მათ უკარნახა ეს მისმა დონორმა. საინტერესოა, ამაზეც უნდა ისაუბროს მე მგონი „ისფედმა“, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩართული იყვნენ თუ არა ამაში მისი დონორები და აიძულებდნენ თუ არა, თუ მოუწოდეს თუ არა, მათი კარნახით იყო თუ არა ამ შედეგების არ გამოქვეყნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება თავად ფაქტს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ეს არის თაღლითი ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკული დაფინანსება ჩაეხსნა.

„ამ თაღლით ორგანიზაციას დღეს ბრიუსელი აფინანსებს, ეს არის სკანდალური, როდესაც ორგანიზაციას, რომლის რეპუტაცია არის ნულის ტოლი, ყველა არჩევნებზე, რომ დავაკვირდეთ ბოლო 4 წელს, წინა საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის იყო და თაღლითობა ჩაიდინეს, 2024 წლის არჩევნებში თაღლითობა ჩაიდინეს. ახლა ასეთ ორგანიზაციას რომ აძლევ ფულს ევროპელი გადასახადის გადამხდელების, რა თქმა უნდა, ეს არის ფული, რომელიც ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას. თაღლითებს ამიტომაც ჰქვიათ თაღლითი, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები და ეს ორგანიზაცია არის გამოცდილი საარჩევნო თაღლითობაში 2020 წელს, 2024 წელს. დადასტურდა მათი თაღლითობა. ახლა თუ რაიმეს სჩადიან კიდევ, ესეც გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაფერი უკვე სიმბოლურია. პროკურატურას ალბათ სჭირდება ეს დოკუმენტაცია, თუმცა არჩევნებს რაც შეეხება ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს დღეები ძალიან ნიშანდობლივი იყო. ის, რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის თუ სხვა ასეთი ორგანიზაციების ხელით, დღეს რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და განსაკუთრებით სწორედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გამოირჩევიან.

„მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა დამოკიდებულება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მხრივ, ნახეთ, რომ შეწყდა ყველა დაფინანსება, თავად პრეზიდენტ ტრამპის აღიარებითვე, მის აღმასრულებელ განკარგულებაში წერია, რომ ეს თანხა გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. ზუსტად დესტაბილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები ჩაიხსნა. ის, რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის თუ სხვა ასეთი ორგანიზაციის ხელით, რომლებიც უფრო გამოცდილი იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში, უფრო ფარულად, არაპირდაპირ, დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. სამი რესპუბლიკა, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრები არიან, პირდაპირ არიან ჩართული იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ“.

შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „პლატფორმა აქვთ მიცემული ქართული ოპოზიციისთვის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც, უკვე აღმოჩნდა, რომ არიან ესტონური „ენჯეოები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ზოგიერთი სხვა“.

„ესტონური „ენჯეოები“ დღეს გველაპარაკებიან ქართველი ხალხის სახელით. ასე რომ, მთელი ეს სცენარი, როგორც ჩანს, ამ სამი ბალტიისპირეთის ქვეყნის ხელისუფლებების გამოუცდელობიდან გამომდინარე, პირდაპირ სააშკარაოზე გამოვიდა, რომ მიზანი არის კანონიერი ხელისუფლების ცვლილება. იცით, რომ, ერთი მხრივ, ისინი ნახევრად აღიარების თუ არაღიარების რეჟიმში არიან ქართველი ხალხის ნების მიმართ და ვხედავთ ასევე ბოლო დღეებში სანქციებს. სანქციებს, რომელიც დაწესდა იმ დროს, როდესაც იმ დედაქალაქებში იმყოფებოდნენ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ესტონური, როგორც გამოჩნდა საბოლოო ჯამში. ფაქტია, რომ ესტონეთის თავქარიან საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოდგენა არ აქვს საქართველოში პოლიციელების სახელებსა და გვარებზე. ხომ გასაგებია, რომ ეს სია შედგენილია ესტონური „ენჯეოს“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ, მათი მთავრობის დავალებით, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში ესტონეთის თუ სხვა მთავრობების დავალებით, რათა დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში