საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასევე, ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკას.
"მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცენტრალურ აზიაში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარგობრივ უწყებებს შორის შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის სფეროების შემდგომ გაფართოებას.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტში უმასპინძლა.