ბათუმის სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მარტს გაგრძელდება. ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე აჭარის სამმართველოს უფროსის გრიგოლ ბესელიასა და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მოწმის სახით გამოკითხვა მოითხოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კი მათი სასამართლოზე მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, აღნიშნული შუამდგომლობა ღიად დატოვა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა, რომ მზია ამაღლობელის საქმე აჭარის პოლიციამ არ განიხილოს. მათი განცხადებით, ბრალდების მხარე ამ საქმეში პერსონალურად არის დაინტერესებული.
დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე სალიხ შაინიძის აცილებაც მოითხოვა იმ მოტივით, რომ აღნიშნული მოსამართლე მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძეა. დაცვის მხარის განცხადებით არ სურთ, რომ აღნიშნული გარემოების გამო საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს. მოსამართლის განცხადებით, აცილების საფუძველი არ არსებობს.
მედიამენეჯერს გამოძიება 11 იანვარს აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება, საქმეზე გამოძიება 173-ე მუხლით არის დაწყებული. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, პოლიცია მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, თუმცა, საქმეში არაა წარმოდგენილი შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
დღევანდელ სასამართლოს ლიეტუვის ელჩი, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას საპატიმროდან დისტანციურად ჩაერთო მზია ამაღლობელიც.