ზებრა გადასასვლელზე პროტესტის საქმე

06 მარტი 2025, 17:56 95 ნახვა

პროევროპული აქციებზე დაკავებული რამდენი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საქმეები სხვადასხვა მოსამართლეებმა განიხილეს და ის ძირითადად ადმინისტრაციული სახის იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავება.
მათ შორის საუბარია 31 იანვრის აქციაზე, რომელზეც სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები „არასაკმარისი რაოდენობის“ გამო გზას ვეღარ გადაკეტავდნენ, აქტივისტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს.
სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო რამდენიმე პირის მიმართ ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოება დაიწყო, რასაც უსამართლოდ მიიჩნევს დაცვის მხარე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების განმარტებით, მოქალაქეებს კანონი არ დაურღვევიათ, უფრო მეტიც, მათი თქმით, უსამართლოა ასევე სასჯელის სახით განსაზღვრული 5 ათასლარიანი ჯარიმაც, რომელიც საარსებო მინიმუმს 19-ჯერ აღემატება.
გადაწყვეტილებას რამდენიმე პირის საქმეზე მოსამართლე მარიანა ფომაევა 11 მარტს გამოაცხადებს. დღეს კი მოსამართლე სალიხ შაინიძემ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე 2000 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. გიორგი კირთაძე 12 იანვრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მაშინ, როცა აქციაზე პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას აკავებდნენ. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში