სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

04 მარტი 2025, 23:15 163 ნახვა

სასამართლომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა გამოაცხადა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროცესს ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელი, რომელიც წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

პროცესზე სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სხდომას ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.

დღევანდელ პროცესამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართა მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში