რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი გარდაიცვალა.
ინფორმაციას თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
„გარდაიცვალა ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.
ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში (1975, 1980-1984).
1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში.
1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი;
1997 წლიდან — კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.
განხორციელებული დადგმები: მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც ინჩუ ჰამარ“, გურამ დოჩანაშვილის „ჰარალეთი, ჰარალეთი“, გურამ დოჩანაშვილის „მხოლოდ ერთი კაცი“, ანზორ სალუქვაძის „ნანილი“, გურამ დოჩანაშვილის „მფრინავი ხვლიკი ქართულა“ და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.