შსს: ღოღობერიძესთან იზოლატორში თანამდებობის პირი არ შესულა

28 აპრილი 2017, 00:00 2669 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღოღბერიძესთან  "სუსის წარმომადგენლის საწინააღმდეგოდ ცრუ ჩვენების მისაცემად" მაღალი თანამდებობის პირი არ ყოფილა. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლები და გამომძიებელი იმყოფებოდნენ. განცხადება შალვა ხუციშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხთან გააკეთა.  
"ღოღობერიძეს გამომძიებლის, სახალხო დამცველის წარმომადგენლის და მისი ადვოკატის გარდა იზოლატორში არავინ შეხვედრია, რაც კამერების ჩანაწერებით დასტურდება - აცხადებს ხუციშვილი.  

”ერთი შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ არანაირ შეხვედრას ღოღობერიძესთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადგილი არ ჰქონია. მე მაქვს პასუხისმგებლობა იზოლატორების საქმიანობაზე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ვფიქრობ, ამ თემის შემდგომი განვრცობა იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება მისთვის შეთავაზება გაეკეთებინა, მიზანშეწონილი არაა. მე საგანგებოდ მოვიკითხე ყველა კამერის ჩანაწერი, რომელიც იზოლატორშია დამონტაჟებული. მათი შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ასეთ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 

ბათუმის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ მეორე პირს - ირაკლი ჩვირკაიას, შს მინისტრის მოადგილე მისი პოლიტიკური მოტივით დაკავების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. 
გუშინ, ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა, პაატა შავაძემ განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ღოღბერიძეს ცრუ ჩვენების სანაცვლოდ გირაოთი თავისუფლებას დაპირდნენ. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი