ქართული დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და დეპუტატები დღეს უნიეს მერს, გამგეობის წარმომადგენელს და ასევე დიასპორას შეხვდნენ. ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე. ძირითადად მეზობელ ქვეყნებს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობაზე.
გაეცნენ ეთნიკური ქართველების საქმიანობას, ასევე მოისმინეს მათი მოთხოვნები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მუჰაჯირების შთამომავლები საქართველოს ოფიციალურ პირებს ყველა ვიზიტის დროს უყენებენ. მათ დღეს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აუხსნა რას სჭირდებათ ამისთვის და განუმარტა, რომ პროცედურები გამარტივებულია, მაგრამ აუცილებელია ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნა. ოფიციალური შეხვედრები ორდუსა და ფაცაში გაგრძელდება.