მზია ამაღლობელის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე სასამართლოს მიმართეს

13 თებერვალი 2025, 17:20 214 ნახვა

დღეს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღკვეთი ღონისძების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე.

გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმე და თავისი შინაარსობრივი ნაწილი არის აბსოლუტურად უკანონო. 

"ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს უკანონობა, იმ სამართლებრივი ვითარებაში, რა რეჟიმშიც ვიმყოფებით დავასრულოთ. სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, დაშვებული შეცდომა გამოასწოროს, არასწორად გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებზე და უფლებების ხელყოფაზე მზია ამაღლობელის მიმართ, დღეს მაინც იმსჯელოს სწორად, მართებულად და ეს საკითხი დავასრულოთ იმ ვადებში, რა ვადებიც ამ საქმის განხილვას სჭირდება.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით, პროცედურულად არის ორი ეტაპი. პირველი ეტაპი შეეხება შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას. ცხადია ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმი გამოვიყენეთ, იმისათვის რომ ახალი გარემოებები, ფაქტები მიგვეწოდებინა სასამართლოსთვის. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს შუამდგომლობა არის დასაბუთებული.

დღეს, სასამართლოს კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომები და მზია ამაღლობელს მიეცეს შესაძლებლობა სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა გააგრძელოს თავისუფალ რეჟიმში...

დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით და ეს დაკავებაც იყო უკანონო, რადგან პირველ ეტაპზევე განაცხადეს, რომ თითქოსდა მზია ამაღლობელს აკავებდნენ სტიკერის გაკვრისთვის და მერე აღმოჩნდა რომ, დაკავება თითქოს მოხდა პოლიციელების შეურაცხყოფისთვის. ყველა კადრი არის საჯარო, ღია და ყველამ ვნახეთ, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია...

მეორეც დაკავება სისხლის სამართლის წესით ესეც არის უკანონო, ვინაიდან სილის გაწნა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება თავდასხმად. ტერორისტთან მიახლოებული კვალიფიკაცია, რომელიც გამოიყენა პროკურატურამ იყო იმის მცდელობა, რომ შეენიღბათ, ამ საქმის სიმძიმე წარმოეჩინათ და საზოგადოებაში შეექმნათ განცდა, რომ ძალიან მძიმე კრიმინალურ ფაქტთან გვქონდა საქმე"- განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში