იანვარში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს აღემატება და მნიშვნელოვნად, თითქმის 40%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„გაზრდილია ექსპორტიც, რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. იანვარში საქართველოდან ექსპორტმა 403 მლნ დოლარი შეადგინა. გაზრდილია ასევე იმპორტიც, რომელმაც მილიარდ 600 მლნ დოლარამდეა. ჯამში, როგორც მოგახსენეთ, სავაჭრო ბრუნვა ორ მილიარდ დოლარს აღემატება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მოხმარება გაზრდილია და ეკონომიკური აქტივობა იანვრის თვეში იყო საკმაოდ მაღალი“,- აღნიშნა დავითაშვილმა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – წინა წლის იანვართან შედარებით ექსპორტი 19.3 პროცენტით გაიზარდა და 403.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ბრუნვა 2.0 მილიარდი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 39.2%-ით მეტია.