ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა - მაკა ბოჭორიშვილი

11 თებერვალი 2025, 15:33 85 ნახვა

ზოგადად უნდა ითქვას, რომ განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება ვაშინგტონში, იმ ფაქტების, იმ პოზიციების ერთგვარი გაგრძელება თუ აღიარებაა, რომლებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღერებდით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის მიერ საგარეო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდება უცხო ქვეყნების დაფინანსებებს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში დონორების თანხების სწორად თუ არასწორად გამოყენების საკითხს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით ჩვენს საკუთარ ქვეყანაზე, იმ უარყოფით როლზე, რა როლსაც თამაშობდა სხვადასხვა დამფინანსებელი საქართველოში და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ძალიან აქტიურად ხდება ამავე საკითხებზე საუბარი ვაშინგტონში და არამხოლოდ საუბარი, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებებზე.

„შვედი პოლიტიკოსის მოწოდება, ჩარევის გარდა, არის კიდევ ერთხელ გამჟღავნება იმ სურვილების, რაც არსებობს კონკრეტული პოლიტიკოსების თავში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საქართველოში არეულობა, დესტაბილიზაცია, სხვადასხვა სცენარის განვითარება, რაც უკავშირდება ქვეყნის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლას. მათ შორის არის „მაიდნის“ სცენარი, რომელიც არა მხოლოდ განიხილებოდა, არამედ მზადდებოდა კიდეც საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში