ბოლო 1 წლის მონაცემებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 898 ფაქტი გამოვლინდა

05 თებერვალი 2025, 16:48 62 ნახვა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო 1 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად 226 460 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 898 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.

526 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155² მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.

26 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 346 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში