თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენება დახურულ სხდომაზე მისცა. პროკურორი აცხადებს რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.
ამასთან, პროკურორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ივანიშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. პროკურორის თქმითვე, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ საქმეში დაზარალებულის ინვესტიცია იყო ჩადებული.
რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებას, პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წელს ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.