საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 5-6 თებერვალს გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.