ჩვენი მიზანი იყო იმ პირების დასჯა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინებაზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება, ევროკავშირის მხრიდან რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.
„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით და ქართველი ხალხის ერთგულებით ქვეყნის ევროპულ მომავალზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე. ჩვენ მათ ვხედავთ, რომ დგანან ყოველ ღამე აქ, რუსთაველზე და ბევრ სხვა ადგილას საქართველოს მასშტაბით, რომლებიც მოითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენ გვესმის მათი ძახილი უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისთვისა და ევროპული საქართველოსთვის. ამავე დროს, ჩვენ ვგმობთ მიმდინარე დაშინებასა და ძალადობას. ჩვენ გაოგნებული ვართ ხალხის ცემით, მათზე მუქარით, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებსაც ედევნებიან და სცემენ ნიღბიანი პირები.
ჩვენ გაოგნებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ ორი თვის განმავლობაში ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მიუხედავად, არავინ დასჯილა ამისთვის. და რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება, ჩვენი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. გუშინ ევროკავშირმა გადაწყვიტა შემოიღოს შეზღუდვები საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ასე რომ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ახლა მოუწევთ ვიზის აღება იმ შემთხვევაში, თუ სურთ ევროკავშირში გამგზავრება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომლებიც ქუჩაში დგანან და დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოს მოითხოვენ. ჩვენი მიზანი იყო დასჯა იმ პირების, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, ვინც პასუხისმგებელია დაშინებაზე, ვინც პასუხისმგებელი არიან მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისივე განცხადებით, დაპირებების მიუხედავად, რომ გამჭვირვალობის კანონი აღარ იქნებოდა წამოყენებული, გასულ წელს მმართველმა პარტიამ იგი დააბრუნა.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ყველა პარტნიორი ეუბნებოდა „ქართულ ოცნებას“, რომ კანონი არ დაებრუნებინათ.
„ეს კანონი, რომელსაც ახლა გამჭვირვალობის კანონი ჰქვია და ადრე უცხოელი აგენტების ან უცხოელი ჯაშუშების კანონს უწოდებდნენ, ორი წლის წინ სცადეს, მიეღოთ. მმართველმა პარტიამ, ქართველი ხალხის ზეწოლით, რომლებიც ქუჩებში იდგნენ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, გადაწყვიტა ამ კანონის გაწვევა ორი წლის წინ. მიუხედავად დაპირებებისა, რომ ეს კანონი აღარ იქნებოდა წამოყენებული, გასულ წელს დააბრუნეს. თქვენ გქონდათ პროტესტების უზარმაზარი ტალღა საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში. პრაქტიკულად, საქართველოს ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, თანამოაზრე ქვეყნების, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ „ქართულ ოცნებას“ – გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს. მხოლოდ ერთი ადგილი იყო, სადაც სოლიდარობის ხმა ისმოდა – მოსკოვი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვეუბნებოდით, ნუ გააკეთებთ ამას, საქართველოს პარლამენტმა ხმა მისცა ამ კანონის შემოღებას. საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა, ვენეციის კომისიამ, წარმოადგინეს დასკვნა. 30 გვერდი არგუმენტებისა, რატომ შეზღუდავს ეს კანონი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას, რატომ გაანადგურებს ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებას, რატომ აიძულებს ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გაუმჯობესებას, ქართველებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას, წავიდნენ ემიგრაციაში. სამწუხაროდ, ეს კანონი შემოღებულ იქნა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამას შედეგები მოჰყვებოდა. ჩვენ ვერ დავტოვებდით ამას რეაგირების გარეშე და სწორედ ეს ხდება ახლა.
მე მგონია, რომ თქვენ გქონდათ ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო წარსულში იყო მაგალითი, იყო ლიდერი ყველა სხვა ქვეყნისთვის, როდესაც საქმე გაფართოების პროცესს ეხებოდა. ეს იყო აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და პროფესიონალური ადმინისტრაცია. რაც ახლა ხდება, არის ის, რომ გამჭვირვალობის კანონი სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებს. და ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი, საჯარო მოხელე, საუკეთესო, რაც კი ქართულ ადმინისტრაციას ჰყავდა, ახლა დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდებიან, სამსახურიდან უშვებენ ან ნებაყოფლობით მიდიან. ეს ძალიან სერიოზულად აზიანებს საქართველოს წარმატებების ორ მთავარ საყრდენს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.