საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ქაბულში გაიმართა.
მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული ჩაანაცვლა. ქართულ კონტინგენტს სიტყვით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მურთაზ გუჯეჯიანმა მიმართა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სეტ გლედსტოუნმა ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს, ახლადჩასულ ქვედანაყოფს კი, მისიის შესრულებაში სრული ნდობა გამოუცხადა. I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს.