უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის ქვეშ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სურს ბიძინა ივანიშვილის დასჯა - მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2025, 16:43 117 ნახვა

უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის მიყენების ქვეშ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სურს და ეს ვიღაცა ბევრჯერ გახმოვანდა, გნებავთ გლობალური ომის პარტია დავარქვათ, გინდა „დიფ სთეითი“, დასჯა და დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გლობალური ძალები ყველა გზით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედების მოხდენას.

„წარმოიდგინეთ რამხელა ინტერესი დგას ამის უკან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ერთი ბანკი უკვე გააკოტრეს ამისთვის და მეორე ბანკის განადგურებაზე გადავიდნენ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედება იყოს. მაგრამ იმედია ეს წნეხი მას შემდეგ, რაც ტრამპის ინაუგურაცია შედგა და მისი ძალიან ცნობილი და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო მესიჯები გახმოვანდა, იმედი გვაქვს, რომ მომავალში ნელ-ნელა იქნებ ამ შანტაჟის და დასჯის სურვილმა უკან გადაიწიოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილის ასეულობით მილიონის მოპარვაში და როგორც ჩანს გადაწყვიტა ამ ფულით ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ აქციების დაფინანსება.

„რამდენად ირონიულადაც არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით როგორც ჩანს გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ დააფინანსოს აქციები. როგორც ჩანს ის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია ამ აქციებისა, თუმცა იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ გარედან ძალიან დიდი თანხობრივი რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცებს რომ ჰგონიათ, თითქოს თვითორგანიზებით დადიან იქ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, მსოფლიო დღის წესრიგი იცვლება და პრიორიტეტულია ისეთი საკითხები, რაც საქართველოს ბუნებრივად აწყობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი