პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ დაამტკიცა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
ცნობისთვის, 20 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.