ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე მორიგი პროცესი დასრულდა. დღეს ირაკლი ჯორბენაძის საქმე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბრალდებულის გარეშე განიხილა, შესაბამისად პროცესზე ბრალდებულის მხარის პოზიციები ვერ მოისმინეს, სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
საქმეზე გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 24 იანვარს 12 საათზე გამოაცხადებს.
ჯორბენაძემ სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არ აღიარებს ბრალს, არც ქართულ სასამართლოს, ასევე უნდობლობას უცხადებს მოსამართლეს. რაც შეეხება დარჩენილი ექვსი მოქალაქის საქმეს, მათი სასამართლო პროცესები მომდევნო კვირაში გაიმართება.
თორმეტივე პირის შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით არის აღძრული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუხლი 500 ლარიან ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.