KFW - ის მეხუთე ფაზის გარკვეული ნაწილი უკვე გამოცხადებულია და უკვე დაკონტრაქტებულია, შესაბამისად ჩვენ არ ველით, რომ მის განხორციელებასთან დაკავშირებით რაიმე არსებითი საფრთხე ან შეფერხება შეიქმნება - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძეს კითხვა დაუსვეს KFW-ის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ტიტე აროშიძე დაინტერესდა გაგრძელდება თუ არა აღნიშნული პროექტის მეხუთე ფაზა, ისე, რომ მას შეფერხება არ შეექმნება, რისი დაინტერესებაც დიდია შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მხრიდანაც.
"ეს არის რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელსაც ისინი წლებია ურცხვად ანვითარებენ. მინდა გითხრათ რომ KFW - ის მეხუთე ფაზის გარკვეული ნაწილი უკვე გამოცხადებულია და უკვე დაკონტრაქტებულია, შესაბამისად ჩვენ არ ველით, რომ მის განხორციელებასთან დაკავშირებით რაიმე არსებითი საფრთხე ან შეფერხება შეიქმნება.
შესაბამისად, მოსახლეობას როგორც დავპირდით, მეხუთე ფაზის ფარგლებში შემოერთებული ტერიტორიების 10 ათასობით მოქალაქე ისარგებლობს ამ პროექტით. რა თქმა უნდა ეს პირობა იქნება შეასრულებული. მე კიდევ ერთხელ მსურს ძვირფას ბათუმელებს განვუმარტო, რომ ამ პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება და ის განხორციელდება",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.