ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კითხვის ნიშანი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სურს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა - მაკა ბოჭორიშვილი

21 დეკემბერი 2024, 13:55 150 ნახვა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა საქართველოში და ღიად განაცხადა, რომ მას სურვილი ჰქონდა, ყველა პოლიტიკურ აქტორთან ჰქონოდა შეხვედრა, ვინც მონაწილეობს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

„ის შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მასთან გვქონოდა შეხვედრა, გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც დღეს საქართველოში ხდება და ჩვენი შეფასებებები გაგვეზიარებინა მისთვის. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ მას ასევე ჰქონდა სურვილი და შესაძლებლობა, შეხვედროდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ეს შეხვედრებიც შედგა, თუმცა ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მასთან შეხვედრაზე, რაც მათი არჩევანი იყო და გარკვეული დამოკიდებულების გამოხატულება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მათ შორის, შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, ეს შეხვედრა გაიმართა დახურულ კარს მიღმა და მას არ აქვს უფლება, ამ შეხვედრის დეტალებზე ისაუბროს.

„ამის სურვილი თუ თავად ექნებათ ამ შეხვედრის მონაწილეებს, რა თქმა უნდა, ისინი გააზიარებენ შეხვედრის დეტალებს. მე შემიძლია, გითხრათ, რაზე ვისაუბრეთ ჩვენ. ეს იყო ძირითადად, იმ პროცესების შეფასება, რაც დღეს საქართველოში მიდის, თუ რას უკავშირდება თუნდაც, ოპოზიციის ასეთი გამალებული პროტესტი ყველაფრისადმი, ზოგადად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და როგორ ვხედავთ ჩვენ სამომავლოდ თანამშრომლობას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, როგორ გაიგო ალენ ბერსემ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და დასვა თუ არა მან შეკითხვები ამასთან დაკავშირებით, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კონკრეტულად საუბარი არ ყოფილა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ძალიან ცხადად გვაქვს დაფიქსირებული, არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სურს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა და ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს სთხოვა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მისულიყო და მას სანქციებთან დაკავშირებით ესაუბრა.

„მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულების გამოხატულება. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რა თქმა უნდა, მსგავსი ნაბიჯები ძალიან დიდ ჩრდილს აყენებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის. ასეა აშშ-ის შემთხვევაშიც. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ში ძალიან მალე დიდი ცვლილებები იქნება და შეიძლება ითქვას, რადიკალურად იცვლება აშშ-ის ხელისუფლების პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, რა საკითხებიც ძალიან დიდწილად არის დაკავშირებული საქართველოსთან მიმართებაში გადადგმულ ნაბიჯებთან და ურთიერთობებთან. მე იმედი მაქვს, გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, გადავხედოთ იმ ყველაფერს, რასაც ვაკვირდებოდით ამ ბოლო პერიოდში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აქვს შეჩერების ძალიან კონკრეტული წინაპიროებები და ევროკომისიამ გამოიყენა ამ შეჩერების ერთ-ერთი წინაპირობა.

„თურმე, ჩვენი დიპლომატიური პასპორტების მფლობელები შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდნენ საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში. იმ პირობებში, როდესაც მიგრაციის ძალიან დიდი პრობლემები არსებობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და როდესაც ეს საკითხები არის განსახილველი, არასერიოზულია, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელები საფრთხეს შეიძლება, უქმნიდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოებრივ წესრიგს. ცოტა რთულია ამის სერიოზულად აღქმა და ამის სერიოზულ საფუძვლად განხილვა, თუმცა ეს არის ის საფუძველი, რაც წარედგინა ევროკავშირის საბჭოს, ამაზე იქნება მსჯელობა-განხილვები სხვადასხვა ჯგუფში და რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს ამასთან დაკავშირებით. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ამ საკითხზე, უფრო ღრმად გავაკეთებთ ამ საკითხის სამართლებრივ შეფასებას და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მივაწოდებთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან გვექნება სამუშაო პროცესი. იმიტომ, რომ შეუძლებელია, ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უყურებდე, როგორც საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველ ადამიანებს და ამ დროს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოლაპარაკებებისთვის იწვევდე მართლა ისეთ ხალხს, რომლებიც ძალიან დიდ კონფლიქტებში არიან ჩართული. ამით შემივიფარგლები ამ შემთხვევაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში