გახსნან მოლაპარაკებები, ხვალვე ვაწერთ ხელს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
მთავრობის მეთაურმა ამ მოწოდებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სივრცეში არსებული მდგომარეობა სამწუხაროა.
„ნახეთ, რამხელა აბსურდში არიან შესული, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ. მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები - ვაწერთ ხელს. რომელ დაბრუნებაზეა საუბარი, ნახეთ რამხელა აბსურდში არიან შესული. ძალიან სამწუხაროა ეს მდგომარეობა, რომელსაც ვხედავთ ევროკავშირის სივრცეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან.
„უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად ოჯახის წევრების შეყვანაზე მიღებულ გადაწყვეტილებას არაფერი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და სამართლებრივ პრინციპებთან.
მისივე თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო.
„სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო. არსებობს სუბიექტური შერაცხვის პრინციპი, რაც არის ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი სამართალში როდესაც შენ ამას უარყოფ, სამართლებრივი სახელმწიფოდან პრაქტიკულად არაფერი რჩება. ეს არის ძალიან მძიმე პროცესი, რომელიც წარიმართება შესაბამის ქვეყნებში. ეს ანგრევს სამართლებრივ სისტემებს და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება. არაფერი კავშირი არ აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან და სამართლებრივ პრინციპებთან. რასაც ასწავლიდნენ ევროპულ უნივერსიტეტებში 20 და 30 წლის წინ, იმისთვის ხაზის გადასმაა ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის.
ირაკლი კობახიძის თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული,საქართველოსა და ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. შევთანხმდით იმაზე, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად ბატონი გენერალური მდივნის როლი ამაში არის განსაკუთრებული და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალან ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმეორებს ზუსტად იმ სლოგანს, რომლითაც აგვირჩია ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს.