თანხების მიზნობრიობის ცვლილება ნიშნავს, რომ ხალხის მაგივრად ეს თანხები უნდა მოხმარდეს ძალებს, რომლებიც უპირისპირდებიან ქართველი ხალხის ნებას, ეს მორიგი ანტიქართული ნაბიჯია - პრემიერი

17 დეკემბერი 2024, 11:04 250 ნახვა

28 ნოემბრის გადაწყვეტილება ემსახურებოდა პრევენციას, ჩვენ რომ არ გაგვეხმოვანებინა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ შანტაჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის მძიმე მოვლენები, რომელიც განვითარდა 28 ნოემბრის შემდეგ 5 დღის განმავლობაში, განვითარდებოდა სწორედ დღეიდან, ეს იყო დაგეგმილი სცენარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ უზრუნველყო ამ ყველაფრის პრევენცია.

„საბოლოო ჯამში შანტაჟის რესურსი მთლიანად გამოვაცალეთ იმ ძალებს, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ და ეს არის ის სურათი, რომელიც მივიღეთ საბჭოს სხდომის შემდეგ. შანტაჟი იყო მოაზრებული სწორედ ამ დღეებისთვის, კულმინაცია უნდა ყოფილიყო გუშინდელი სხდომა და 19 დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომა, თუმცა პრევენციამ სწორად იმუშავა და საბოლოო ჯამში ვერ განვითარდა საბჭოს შემდეგ ისეთ პროცესები, რომლებიც არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და ეს მორიგ ანტიქართულ ნაბიჯად შეაფასა.

„ეს განცხადება პირველად არ მოვისმინეთ. როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, შინაარსი გასაგებია - ქართველი ხალხის მაგივრად ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ძალებს, რომლებიც უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ნებას. ეს არ არის სწორი ნაბიჯი, ეს მორიგი ანტიქართული ნაბიჯია, თუმცა ამით ჩვენს ქვეყანას ვერავინ დააზიანებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში