„ხალხის ძალამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას - გურამ მაჭარაშვილი

13 დეკემბერი 2024, 12:58 244 ნახვა

„ხალხის ძალამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალა“ სათავეს დაუდებს საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას.

„სამწუხაროდ, ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას და ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ მოსახლეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც, სამწუხაროდ, დავიწყებული აქვთ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის.

არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთავსებლობა არ გვქონია. საუბარია იმაზე, რომ არსებობს ისეთი საკითხები, სადაც, როგორც თავის დროზე აღვნიშნეთ, „ქართულ ოცნებასთან“ გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ასევე გვინდა, შევახსენოთ საზოგადოებას ისიც, რომ ორ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ჩვენ დავტოვეთ პარტია „ქართული ოცნება“, ბევრი კითხვა ჩნდებოდა, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ იმუშავა და თან ძალიან ძლიერად. ამიტომ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ პარტია „ხალხის ძალა“ აუცილებლად შექმნის იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომელიც იქნება ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში