ინფორმაცია გვაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაც მოწოდებებს აპირებს, ამ დღეების განმავლობაში მეტ სისულელეს გააკეთებს, ვიდრე წინა წლების განმავლობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოთხი ოპოზიციური გაერთიანების განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები“.
"თავიდან დაიბნენ და ახლა რაღაც მესიჯზე ჩამოყალიბდნენ. სინამდვილეში, კი არ იბნევიან, პოზიცია არ აქვთ. დაურეკავენ ხოლმე თავის პატრონებს და რასაც ეტყვიან, ისე იქცევიან. ამიტომ იყო, რომ გუშინ ჯერ მზადყოფნა გამოთქვეს, ახლა ყველა დალაგდა და მწყობრად საერთო მესიჯბოქსს იმეორებენ. იმავეს გაიმეორებს ახლა სალომე ზურაბიშვილი, ინფორმაციებიც არსებობს, რაღაც მოწოდებებს აპირებს, სიგიჟეებს გააგრძელებს. საქართველოში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სალომე ზურაბიშვილი უფრო გავა მომსახურების არეალიდან. მეტ სულელურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, განცხადებას გააკეთებს, ვიდრე აქამდე გაუკეთებია. ამაზეც გვაქვს ინფორმაციები და შეგვიძლია, ეს წინასწარ ვთქვათ. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ამ დღეების განმავლობაში მეტ სისულელეს გააკეთებს და იტყვის, ვიდრე წინა წლების განმავლობაში გაუკეთებია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.