პირს, რომელმაც მეტროსადგურში ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

12 დეკემბერი 2024, 12:43 794 ნახვა

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია განცხადებაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში