პავილიონისი და მიკელსონი გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა აქვს უცხოელების დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს - შალვა პაპუაშვილი

10 დეკემბერი 2024, 15:41 222 ნახვა

ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიკელსონმა და პავილიონისმა დღეს სცადეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბალტიისპირელი პოლიტიკოსების უხეში განცხადებები საბოლოოდ ხდის ფარდას მათ განზრახვებს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „არჩევნების დაქვემდებარება უცხოელების პოლიტიკური დღის წესრიგისა და მათი თვითნებური წნეხისთვის დემოკრატიის დასასრულის პირველი ნიშანი იქნებოდა“.

„ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიკელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება სცადეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო. ბალტიისპირელი პოლიტიკოსების ეს უხეში განცხადებები საბოლოოდ ხდის ფარდას მათ ჭეშმარიტ განზრახვებს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ. ნოემბერში მათ სიტყვით მიმართეს რადიკალურად განწყობილ ოპოზიციას პარლამენტის შენობის წინ, მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდეს და უარყვეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა. არასერიოზულია, როდესაც ამგვარი პოლიტიკოსები „რეჟიმის ცვლილების“ სახეებად გვევლინებიან. მართალია, მათი ქმედებები არც მნიშვნელოვანია და არც რაიმე შედეგის მომტანი, მაგრამ ჩვენს რეგიონსა და, უფრო ფართოდ, ევროპაში ახალი სახიფათო ტენდენციის კონტურებს წარმოაჩენს.

ეს პოლიტიკოსები გვეუბნებიან, რომ არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს უცხოელების პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს, და თუ ქვეყნის მოსახლეობის ნება თანხვედრაში არ მოდის ზოგიერთი უცხოელის სურვილებთან, მაშინ, საზღვარგარეთიდან წნეხის მეშვეობით, არჩევნების შედეგების შეტრიალებაა საჭირო. მართალია, დემოკრატია ეფუძნება თანასწორობას, კარგ მმართველობას, სახალხო ლეგიტიმურობას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს, მაგრამ დემოკრატიის უმთავრეს საყრდენს ჯერ კიდევ არჩევნები წარმოადგენს. არჩევნების გაუქმება, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, და არჩევნების დაქვემდებარება უცხოელების პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და მათი თვითნებური წნეხისთვის დემოკრატიის დასასრულის პირველი ნიშანი იქნებოდა.

პოლარიზებული პოლიტიკისა და სოციალური მედიის უსაზღვრო დომინირების პირობებში არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ იქნება დაზღვეული უცხოური წნეხის საფრთხეებისგან მისი საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო პროცესის მიმართ. როდესაც უცხოური პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის სამსახურში რეალურ ფაქტებს აღქმების ღრუბელი ფარავს, მაშინ დემოკრატიაც და რეგიონული უსაფრთხოებაც ზიანდება. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაუმართლებელი წნეხი შეიძლება ერთ-ერთი ადრეული ნიშანი გახდეს პროცესისა, რომელიც მთლიანად ევროპას შეეხება. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, ვიდრე გავრცელების არასასურველ ტენდენციას შეიძენს“,  - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის 9 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩის მიმართ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა, ასევე ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, რიჰარდს კოლსმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში