„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოათავსეს

08 დეკემბერი 2024, 00:42 325 ნახვა

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტ, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ, გიორგი შეწირულს მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აღენიშნებათ, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, ანი დალაქიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ორივე მათგანი კლინიკაში, ნევროლოგიურ დეპარტამენტში რჩებიან.

„დღეს, ჩვენთან აქციიდან, სულ, 10 ადამიანი შემოიყვანეს, ათივეს ჩაუტარდათ გამოკვლევები. ათიდან სამი პაციენტი გაეწერა ბინაზე, ჩვენთან რჩება შვიდი პაციენტი.

 

მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა, ორივეს აღენიშნებათ მსუბუქი თავის ტვინის შერყევა. ჯერ, ისევ, მიმდინარეობს კვლევები და დანარჩენს კვლევების დასრულების შემდეგ მოგახსენებთ. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. დაზიანებებია ძირითადად თავის, სახის და მუხლის არეში. სტაციონარიზაცია არის საჭირო. ტომოგრაფია გადაღებულია, ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოვათავსებთ ორივეს. მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას ექიმები მიიღებენ“, – განაცხადა მედიკოსმა.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს. 

ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში