მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

07 დეკემბერი 2024, 18:35 276 ნახვა

მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გავრცელებულ ერთობლივ წერილში მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები აცხადებენ.

ისინი საერთაშორისო საზოგადოებას გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში. თბილისში განვითარებული ბოლო მოვლენები, რა დროსაც 200 ათასზე მეტი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში რუსეთთან დაკავშირებული მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად, ხაზს უსვამს ქართველი ხალხის ღრმა ერთგულებას ევროპული მომავლისა და დემოკრატიული გზისადმი.

 

მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები მიიჩნიეს გაყალბებულად და დემოკრატიული ნორმების სისტემატურ ძირის გამოთხრად, ეს ქმედებები ღალატობს ქართველთა უმრავლესობის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული მომავლისადმი.

 

მთავრობის მხრიდან მუდმივი უარყოფითი უკურეაქციისა და შევიწროების მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოავლინა ურყევი გამბედაობა და ლიდერობა მთავრობის ანტიდემოკრატიული ზომების დაგმობისას. დემონსტრანტების გვერდში დგომით. მმართველი „ოცნების“ პარტიის არაკონსტიტუციური ქმედებების უარყოფით, მან განასახიერა თავისი ხალხის ნება და დაიცვა დემოკრატიული პრინციპები, რომელთა სრულად მიღწევისკენ საქართველო დიდი ხანია, მიისწრაფოდა. ის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება ქვეყანაში, სადაც ამჟამინდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა საეჭვო არჩევნების გზით.

 

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიმართოს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ მოქმედებას. მოვუწოდებთ ევროკავშირს, უცხოურ მთავრობებს და სხვადასხვა ორგანიზაციას, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მანდატს და უზრუნველყონ ქართული სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი მხარდაჭერით. საქართველო არ არის ცალკეული შემთხვევა, ეს არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ დაპირისპირებაში. როგორც ქალი ლიდერები, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედოს მტკიცედ საქართველოს დემოკრატიის და მისი ხალხისა და პრეზიდენტის ურყევი გამბედაობის დასაცავად“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ქალ ლიდერთა გლობალური ქსელის წევრები.

წერილზე ხელმომწერებს შორის არიან: ჰელენ კლარკი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ჰილარი კლინტონი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, პატრიცია ესპინოზა, მექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯულია გილარდი, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დალია გრიბაუსკაიტე, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მონიკა მაკუილიამსი, ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი წევრი, მერი რობინსონი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი, ვიოსა ოსმანი-სადრიუ, კოსოვოს პრეზიდენტი, ელენ ჯონსონ სირლიფი, ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, მელან ვერვეერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში და ჯორჯთაუნის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში