საპროტესტო აქცია

04 დეკემბერი 2024, 11:08 104 ნახვა

დაკავებულები და დაშავებულები - ერთკვირიანი პროტესტი ქვეყანაში.  კვლავ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა აქციის მეექვსე ღამე თბილისში.   ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი თედო ქვაჩახია საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას  დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.  აქციაზე პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილიც დაშავდა. სავარაუდოდ  პიროტექნიკის შედეგად. 

მომიტინგეები პერიოდულად პიროტექნიკას, სამართალდამცველები კი ე.წ გაზის კაფსულებს ისვროდნენ და აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლს იყენებდნენ. რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დაიხიეს. ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიიდან  სპეცტექნიკა გაემართა და წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეებს შლიდა. სპეცრაზმი იყო  განლაგებული რესპუბლიკის მოედანზეც.

დაშლის პარალელურად, საპოლიციო ძალები აკავებდნენ მომიტინგეებს, რის გამოც აქციის მონაწილეთა ნაწილი ფილარმონიის მიმართულებით გადავიდა. ნაწილმა კი  კოსტავას ქუჩაზე, საავტომობილო გზის პერიმეტრზე ცეცხლწაკიდებული ურნებისგან ხელოვნური ბარიკადები გააკეთა. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაასრულეს. 

მოქალაქეები მეექვსე დღეა აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში