საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, მოითხოვონ ანაზღაურებადი შვებულება და თავისუფალი დრო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში გამოიყენონ.
პარტიები, ასევე, ქართულ კომპანიებს მოუწოდებენ, გასცენ შვებულებები და ამით მხარი დაუჭირონ თანამოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის.
„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები, მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ქართულ კომპანიებს, რომლებისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია: გთხოვთ, დაუბრკოლებლად გაეცით ასეთი შვებულებები, ამ გადამწყვეტ დღეებში და ამით, მხარი დაუჭირეთ თანამოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის.
ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მასში აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - ნათქვამია პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.