გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით დაცულია, თუმცა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
საქართველოს პირველმა არხმა სახალხო დამცველს მას შემდეგ მიმართა, რაც მაუწყებელთან მიმდინარე აქციისას ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება პირველი არხის ჟურნალისტების პერსონალური მონაცემები, მობილურის ნომრები, ურეკავენ ჟურნალისტებს და აყენებენ შეურაცხყოფას.
ლევან იოსელიანის თქმით, პერსონალური მონაცემების გავრცელება დაუშვებელია, ეს კანონით არის დაცული.
„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მედიის წარმომადგენელია, კანონის თანახმად, ყველა მედია თანაბარია. ყველას აქვს უფლება და გარანტირებულია მათი საქმიანობა ხელშეშლისგან თავისუფალ გარემოში. დაუშვებელია, მედიას შეეშალოს ხელი და გააშუქოს მოვლენები იმდაგვარად, როგორც თვლის ის საჭიროდ და როგორც მიაჩნია საჭიროდ.
მედიისთვის ხელშეშლა ეს არის კონკრეტული დანაშაული და არავის აქვს უფლება, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ.
რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, მათი გავრცელება დაუშვებელია, ეს კანონით არის დაცული, ისვე როგორც სიძულვილის კამპანია და სიძულვილის ენა“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანი მოუწოდებს ყველას, ყველამ შეინარჩუნოს სიმშვიდე და პატივი სცეს სხვისი გამოხატვის თავისუფლებას.