შსს-მ ნივთის დაზიანების ბრალდებით აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა

01 დეკემბერი 2024, 20:00 187 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1997 წელს დაბადებული ა.მ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.

 

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში