თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას აქვეყნებს. „ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე.
სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ განმარტავდა, რომ სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.
მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს, შესაბამისად სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა.
დამატებით, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, რასაც მიმდინარე აქციაზეც ჰქონდა ადგილი. ომბუდსმენის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები მიემართებიან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად.