პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს უსმენს

28 ნოემბერი 2024, 12:45 82 ნახვა

მე-11 მოწვევის პარლამენტში, პლენარული სესია დაიწყო. ამ წუთებში ტრიბუნასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დგას. ის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა მმართველმა ძალამ მოახერხა და ყველა ეს გამოწვევა დაძლია.

„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა ამ ერთიანობისთვის, ერთად ბრძოლისთვის, სწორედ ამ ბრძოლის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული ოთხი წლის განმავლობაში. დღეს საქართველო არის სუვერენული და ძლიერი, როგორც არასდროს და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ, მაგალითად, კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში. საოცარი თეზისი არსებობს, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“ და იმავე მიმართულებით არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში, არა თბილისში, საქართველოში, არამედ ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა არა ძაღლი, არამედ, მაგალითად, „დოგ“ ან რაიმე ამდაგვარი. რაც უნდა მოხდეს, გარწმუნებთ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ერქმევა ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და იმის შესაძლებლობა, რომ იფიქროს განვითარებაზე.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს. სწორედ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა ჩვენ მანდატი იმისა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებაზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და იმის შესაძლებლობა, რომ იფიქროს განვითარებაზე, წინსვლაზე. მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ შესაძლებლობისთვის, რომელიც მან ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას მიანიჭა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში, ასეთი საოცარი თეზისი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“ და იგივე მიმართულებით, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ხვალ გავიღვიძებთ არა თბილისში, საქართველოში, არამედ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა „დოგ“, ან რაღაც ამდაგვარი. რაც არ უნდა მოხდეს, გარწმუნებთ, რომ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ერქმევა ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და ამ სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, საქართველო და დღევანდელ პროგრამას აქვს სწორედ ეს შინაარსი - ეს არის ზრუნვა ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველი ფაზა, გეგმის თანახმად 2029 წლისთვის დასრულდება.
 
„იმედი გვაქვს, 2028 წლისთვისაც დასრულდება ეს პროექტი, თუმცა 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა პროექტის დასრულებისთვის და ამ დროისთვის ჩვენ უკვე შევძლებთ 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში და მხოლოდ პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ბელგიური კომპანია უკვე აწარმოებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ეს სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტორების მზარდი ნაკადია, რასაც ხელშეწყობა სჭირდება.

„ტურიზმი ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ბუნებრივია, სააეროპორტო ინფრასტრუქტურა უნდა დაეწიოს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ოთხი მილიონიდან 18 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთნაკადი მას შემდეგ, რაც აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში. ამ მეგაპროექტის განხორციელება სათანადო ვადებში იქნება უზრუნველყოფილი. ასევე, დაწყებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. დღევანდელი მგზავრთნაკადი 1,7 მილიონი ადამიანია და დაგეგმილია 5 მილიონამდე რესურსების გაზრდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება 2030 წლისთვის დასრულდება.

„აქ საუბარია როგორც ელექტროენერგიის ტრანზიტზე, ასევე ინტერნეტის ტრანზიტზე. ჩვენ გვექნება ელექტროენერგიის პირდაპირ ტრანსპორტირების საშუალება მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში, მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროექტი. პროექტი ხორციელდება პარტნიორებთან ერთად, მათ შორის არის ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში