მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

19 ნოემბერი 2024, 13:40 142 ნახვა

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,ნინოწმინდა“ და ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 38 260 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევი მოქალაქე, რომლებსაც ქმედება განმეორებით ჰქონდათ ჩადენილი სანქციის სახით, 3000 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში