დღეიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება

14 ნოემბერი 2024, 11:13 165 ნახვა

დღეიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება.

საქსტატის ინფორმაციით, აღწერის პირველ ეტაპზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მსურველს საშუალება ექნებათ, გაიარონ თვითრეგისტრაცია.

თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ პირი შეძლებს თავად შეავსოს კითხვარი და უპასუხოს აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას

"კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობით შეგიძლია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე: https://www.geostat.ge/ka

 

აღწერის მეორე ეტაპი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინტერვიუერები კარდაკარის პრინციპით შეაგროვებენ ინფორმაციას.

გახსოვდეს, რომ აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია"- აცხადებენ საქსტატში.

აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მიზანია მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, ასევე სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.

"აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა და ის რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. აღწერას ექვემდებარება საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მათი ყოფნის ხანგრძლივობისა“, -  განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

რატი რატიანი
გადაცემის ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში