ვინმეს თუ აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მოვუწოდებ, დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუკაზე რუხი ფერით არის გამოსახული - პაპუაშვილი

04 ნოემბერი 2024, 12:43 257 ნახვა
 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც იცით, არჩევნებს ვერ ვატარებთ, შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილი და სადაც ჩატარდა არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს რუკის სლაიდზე არ ჩანდა ოკუპირებული ტერიტორიები.

„საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. ვინმეს თუ აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მოვუწოდებ, დააკვირდნენ – საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული, მის გარშემო არასაქართველოს ტერიტორიები არის თეთრი ფერით გამოსახული. ამიტომ, ესეც აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე. ვინც მაგას აკეთებს, ეს ადამიანები უბრალოდ ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით.

ეს ადამიანები რომ გველაპარაკებიან არჩევნების სისტემებზე, როდესაც იმხელა ცოდნა, გამჭრიახობა თუ უნარები არ აქვთ, რომ აღიქვა, რა არის სლაიდზე – დელეგატები, საარჩევნო ოლქები, ოკუპირებული ტერიტორია. ასე უნდა დავუღეჭოთ, როგორც ჩანს, ყოველ მეორე დღეს ამ ენჯეო საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც სოციალურ ქსელში ეს ინფორმაცია გაავრცელა, ხატია დეკანოიძე იყო, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა:

„ხატია დეკანოიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი. ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, რათა პოლიციის ხელფასი მიეღო უკრაინაში. ხატია დეკანოიძისგან ამ ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ განცხადებებს ვერ მივიღებთ. როგორც პასპორტი მოგვიგდო ქართველ ხალხს და წავიდა, რათა უკრაინის პოლიციელის ფორმა ჩაეცვა და იქ ხელფასი აეღო, მიხედოს თავის წარსულს. ვინმეს თუ პრობლემა აქვს ფერების აღქმაში, არ ვიცი, სისულელეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში