საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს - გიორგი კალანდარიშვილი

25 ოქტომბერი 2024, 15:05 278 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის, 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მოდერნიზება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპის წარმატებით დასასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობებს თითქმის, ორი წელია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. შესრულდა უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის საორგანიზაციო სამუშაოები, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლებები საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, ამომრჩეველთა ინფორმირების უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი კამპანია, თანამედროვე საოპერაციო-სასაწყობე სივრცის შექმნა ტექნოლოგიებისთვის, ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის განხორციელება და სხვა არაერთი.

 

პროცესის ინკლუზიურობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ინსტიტუციაში შექმნილია ოთხი სამუშაო – დიალოგის პლატფორმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. აღნიშნულ ფორმატებში რეგულარულად ხორციელდებოდა შეხვედრები, რომლის ფარგლებში ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარდა, განიხილებოდა ის მიგნებები თუ რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობაც მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი მიიღო, რითაც ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის პროცესის გამარტივებას.

„საერთო ჯამში, არჩევნების დანიშვნიდან დღემდე მიღებულია 13 დადგენილება, ასევე კომისიამ მიიღო 228 განკარგულება, რომელთა უმრავლესობას ჰქონდა13-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით.

ცესკო-ს თავმჯდორმარის თქმით, გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია და მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის და კენჭისყრის დღის დისკრედიტაციის მცდელობები უსაფუძვლო ბრალდებებით.

„ მივმართავ ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და მივაწოდოთ სწორი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, ჩვენი მხრივ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორებს ოპერატიულად და პროაქტიულად ჰქონდეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ვერიფიცირებული და სწორი ინფორმაცია.

 

შეგახსენებთ სიახლეს – საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. თქვენ აირჩევთ ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან მხოლოდ ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოთ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.

 

ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.

 

ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

 

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.

 

პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი...

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ"- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე განმარტებით, სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – ამ არჩევნებზე ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

"მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს ზედმიწევნით დაიცვან კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. აქვე გვინდა საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს შევახსენოთ იმ დარღვევათა ჩამონათვალი, რომელიც რამდენიმე არჩევნების ჭრილში ყველაზე ხშირად გვხვდებოდა:

1. პარლამენტის წევრობის, საკრებულოების წევრობის კანდიდატებს არ აქვთ უფლება იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, ხმის მიცემისთვის საჭირო დროის გარდა; სხვა შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკრებულოს წევრებს და კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს უნდა გააჩნდეთ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭისყრის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ხმის მიცემისთვის საჭირო დროით.

2. დაუშვებელია ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებისას, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების გადაღება, ამოწერა და მათი სხვაგვარი დამუშავება. ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ ზომებს;

3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევა, მარკირების შემოწმება ან კომისიის ფუნქციებში სხვაგვარი ჩარევა, რაც დაუყოვნებლივ აღიკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან;

4. ამომრჩეველის დახმარება ხმის მიცემის კაბინაში, კაბინაში ხმის მიცემის დაკვირვება ან ფოტო-ვიდეო გადაღება;

5. ფოტო-ვიდეო გადაღება დაშვებულია მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიაში ამისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი