საქართველოს ვერავინ ვერასდროს დააგირავებს, ეს არის შეურაცხმყოფელი მიდგომა - პრემიერი ჯეიკ სალივანის განცხადებაზე

24 ოქტომბერი 2024, 14:11 245 ნახვა

საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი მიდგომა ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ, დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც კბილებით იცავს ქვეყნისთვის მშვიდობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის იმ განცხადებას, სადაც სალივანი ამბობს: „ვფიქრობ, საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირავნობით სხვა ქვეყნისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის გადაცემა“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა და ეს ქვეყანა არასდროს არავის დაუგირავებია.

„3 000 წლის მანძილზე არავის უკადრებია არა მარტო დაგირავება ამ ქვეყნის, არამედ არც ამ ტერმინებით საუბარი. საქართველოს ვერავინ ვერასდროს დააგირავებს. ჩვენ გვქონდა 9-წლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოს აგენტურა მართავდა და მაშინაც არ იყო ეს ქვეყანა დაგირავებული. დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც კბილებით იცავს ამ ქვეყნისთვის მშვიდობას, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. რა არჩევანიც დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, ეს იქნება სწორედ არჩევანი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის სასარგებლოდ, მშვიდობის სასარგებლოდ. ამ არჩევანს გააკეთებს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს. საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი მიდგომა ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ. საქართველო ისტორიის მანძილზე არასოდეს არავის დაუგირავებია და ვერც ვერავინ დააგირავებს, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს ყველაფერი ვიღაცას. რაც შეეხება ურთიერთობებს, ის გადაიტვირთება აუცილებლად, მას შემდეგ, რაც გადაივლის არჩევნები და მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში. ვერავინ ვეღარ აკადრებს საქართველოს იმაზე საუბარს, რომ ქართველი ხალხი პარტიზანულად ტყეში უნდა გავიდეს და ტყიდან იომოს გლობალური ინტერესებისათვის. ასეთ საუბრებს აღარავინ აღარ აკადრებს საქართველოს, იმის შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი