ქვემო ქართლში გამოძალვაში დახმარების ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

24 ოქტომბერი 2024, 11:09 200 ნახვა
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 2001 წელს დაბადებული ს.ა. და 2006 წელს დაბადებული ი.ხ. დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქის ეზოში, დაშინების გზით, ფულის გამოძალვის მიზნით, ხელყუმბარა ისროლეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე დაზარალებულს საზღვარგარეთ მცხოვრები პირები დაუკავშირდნენ და სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ პირებს გამოძალვაში დახმარებას ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ა.- და ი.ხ. უწევდნენ. საქმესთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25 -181-ე, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში