ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა და სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება შეუძლია, კონსტიტუციის დამრღვევი, მოღალატე თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით - პრემიერი

21 ოქტომბერი 2024, 14:26 241 ნახვა
 

იმპიჩმენტს აქვს სიმბოლური დატვირთვა, რადგან სალომე ზურაბიშვილს ისედაც გასდის ვადა დეკემბრის ბოლოს. იმპიჩმენტი ითვალისწინებს ერთი თვით ადრე მისი უფლებამოსილების შეწყვეტას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა განხორციელდება ნოემბრის ბოლოს და არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს.

"პრაქტიკული კუთხით კონსტიტუციის დამრღვევის და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება, ასე ტოვებდეს პრეზიდენტის თანამდებობას, მას უნდა დაერქვას თავისი სახელი და ამ იმპიჩმენტით დაერქმევა, როგორც მოღალატე ე.წ. პრეზიდენტს. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემა და მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია. შესაბამისად, იმპიჩმენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა. კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა,

"სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს, თუმცა საბედნიეროდ, მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში. რეალურად რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ერთი კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები. 100 000 გაყავით დაახლოებით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც არის რეალობა. რადიკალური ოპოზიციის პარტიები მანამდე ჭკვიანურად მიყვებოდნენ კამპანიას, ან არ ატარებდნენ ასეთ შეკრებებს, ან სკამებს დგამდნენ ხოლმე, რაც სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება. სკამებით 2500 კაცი შეგიძლია დასვა და წარმოაჩინო ისე, თითქოს იქ არის 15 000 კაცი. იგივე ზუგდიდში, დაახლოებით იგივე რაოდენობა გვყავდა ჩვენ შეკრებილი, ერთ რეგიონში, რაც მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ყველა პარტიამ ერთად, თავისი ენჯეოების ჩათვლით შეკრიბა თბილისში. ყველა დარწმუნდებით იმაში, თუ როგორია „ქართული ოცნების“ ძალა და როგორია მისი მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა არადიპლომატიური განცხადება გააკეთა, რითაც უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში