ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, როგორც ეს უზრუნველყოფილი იყო დღემდე - პრემიერი

18 ოქტომბერი 2024, 15:36 243 ნახვა
 
 

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ბოლომდე ჩატარდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, როგორც ეს უზრუნველყოფილი იყო დღემდე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საარჩევნო პროცესი წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, რაც დადასტურდა ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნითაც.

„ეს განცხადებები არის დროებითი. გარკვეულ განცხადებებს აქვს მიზანი, რომ რაღაცნაირად გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, თუმცა, აქაც ნულოვანია რესურსი. როგორც კი დასრულდება არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე ეს განცხადებები შეიცვლება და გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. რაც შეეხება არჩევნებს, საარჩევნო პროცესი წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, რაც დადასტურდა ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნითაც და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იგივე სულისკვეთებით საარჩევნო პროცესების მართვაზე და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციაც, რაღაც დოზით იმავე სულისკვეთებით იმოქმედებს. არ იქნება პროვოკაციები და ისეთი მოვლენები, როგორიც არის მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალების, ბილბორდების განადგურება, „არა ომს“ წარწერების წაშლა ბილბორდებზე და ა.შ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ბოლომდე ჩატარდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, როგორც ეს უზრუნველყოფილი იყო დღემდე, ასევე უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი, ხალხის არჩევანის პატივისცემა დემოკრატიის გამოხატულებაა.

„2020 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა, ეს იყო ხალხის ნება, რომ ერთ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ემართა ქვეყანა „ნაცმოძრაობის“, თუ მისი რომელიმე დანაყოფის მონაწილეობის გარეშე. ეს ხალხმა გადაწყვიტა. ის, რომ ერთი პარტია არის დღეს უმრავლესობაში, არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ, ამოიკითხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოდის ერთპარტიული, უკრაინა, მოლდოვა, სხვა კანდიდატი ქვეყნები, ეს ხომ აბსურდია. ყველას ვურჩევ, კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის, სამართლის სახელმძღვანელოებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ერთი პარტიის ყოფნა უმრავლესობაში არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სერიოზული პრობლემაა, როცა გამჭვირვალობას შეზღუდვად ფუთავენ.

„საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი. შეიძლება, ვიღაცა გაღიზიანებული იყოს ამის გამო, ვიღაცა – არა, მაგრამ პატივისცემა ამ მოვლენის მიმართ ყველამ უნდა გამოხატოს. ხალხის არჩევანის პატივისცემა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება. რაც შეეხება „ენჯეოებს“, ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ჩვენი შეფასება, მაგრამ არავინ აპირებს „ენჯეოების“ შეზღუდვას, „ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არის ასახული გამჭვირვალობის შესახებ კანონში. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი მეტ ობიექტურობას, თუმცა აქაც ვიტყვი ერთ რამეს, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. როგორც კი გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, სხვა ქვეყანაში არჩევნებს ვგულისხმობ, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე დასრულდება ეს არასწორი შეფასებები და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველო-ევროკაშირსა და საქართველო-აშშ-ს შორის, რასაც ჩვენთვის პრინციპული, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი