პარლამენტი, იმპიჩმენტის წესით გადააყენებს იმ ადამიანს, რომელიც არც კონსტიტუციას და არც არანაირ სტანდარტს პატივს არ სცემს, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„მან, საკუთარი სოციალური მედიის გვერდის საშუალებით გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ თითქოს სკოლაში მოსწავლეებს უკანონოდ ართმევენ მშობლების პერსონალურ მონაცემებს. ამაზე განათლების სამინისტროს განცხადება იყო, რომ ეს იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია. რაც ქალბატონმა სალომემ ჩაიდინა, ეს ყოველგვარ ზღვარსა და სტანდარტს ცდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს არ ესწრება.
მან სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა, რომელიც ასევე არ დაესწრო კომისიის დღევანდელ სხდომას და პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, უკვე გვიჭირს ყველანაირი კომენტარის გაკეთება. მან პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო შტაბი ექნება შექმნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, მისი ლოჯისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის.
მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს აღნიშნოს მისი ფლანგის გამარჯვება. წარმოიდგინეთ, რომ მე პარლამენტში შევქმნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი და რუსთაველის დარბაზში, დიდ ეკრანთან დავსხდეთ „ქართლი ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად და იქ გვქონდეს დათვლა, ვინ რამდენი ხმა მიიღო და ა.შ. ან პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში რომ შექმნას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ამ ჩვენ ე.წ. ცოცხალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს. სიტყვა გაიგეთ საერთოდ მათგან რაიმე ამასთან დაკავშირებით? პირდაპირ, უხეშად ხდება დღისით, მზისით დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ესეც ერთ-ერთი მოწმობაა იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ცრუ ბრალდებებს „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებით და პირდაპირ ხელს აფარებენ ოპოზიციის მხრიდან დარღვევებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.