ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებს საერთო მიზანი აქვთ და საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.
„ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და გაცილებით უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისთვის. დღეს საქართველო უკვე პირველი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ოთხ წელიწადში სიღარიბით და უმუშევრობით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ჩამოვცდებით. ჩვენი დაპირებაა, მხოლოდ ამ გზით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით.
აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ. სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების შედარებით ფარული მხარეა. ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ. ერთი საინტერესო დეტალიც – გახარიას კანონით არ ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო და ამის მიუხედავად ნაცმედიები დაუბრკოლებლად უშვებენ მის ვიდეორგოლებს“, – წერს მდინარაძე.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაანონსა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს. პრეზიდენტის თქმით, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის ერთგულნი.