დავალებებს გახარიაც საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს, მან არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ცხადია, ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად გააკეთა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთოპატრონისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს, მან არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ცხადია, ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა. მაგალითად, ყველასთვის მოულოდნელად, ეს გახსოვთ თქვენ კარგად, შევარდა ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორების დასაკავებლად, სადაც ისინი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, ხელისუფლება და პოლიცია აღმოჩნდა დამნაშავე. შემდეგ, მომიტინგეების წინაშე სწორედ პოლიციელების და პოლიციის სახელით ბოდიში მოიხადა და სამართალდამცველთა იმიჯი დააზიანა. პანკისში, სადაც ქვეყნისათვის საჭირო ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მიზანმიმართულად, სპეცრაზმი და მოსახლეობა ერთმანეთს ისეთი ფორმით დაუპირისპირა, რომ სწორედ სპეციალური დანიშნულების რაზმი დარჩა შეურაცხყოფილი, რაც მასზე გაცემული კონკრეტული დავალება იყო ასევე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გახარიამ შესაბამის პირებთან შეუთანხმებლად ჩაატარა სპეციალური ოპერაცია მესტიაში.
„ესეც, გახსოვთ ალბათ, ხალხს პოლიციის ძალით დაერია და რომ არა ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა უსწრაფესი რეაგირება, კონფლიქტი შეიძლებოდა, მსხვერპლითაც დასრულებულიყო. აქაც გახარიას მთავარ მიზანს მოსახლეობის თვალში პოლიციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა. გახარიას მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩორჩანას ინციდენტი, რომელიც მაშინვე „ნაცმოძრაობამ“ ნაკლებად შეიმჩნია, ესეც გახსოვთ, მათმა ტელევიზიებმა და მათმა მედია საშუალებებმაც. ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრთან, შესაბამის ორგანოებთან, კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკითხი არ შეათანხმა, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, პატრონების დავალების შესაბამისად, გამყოფ ხაზთან პოლიციის საგუშაგო დადგა. მან ამით გაუგონარი პროვოკაცია მოაწყო, რასაც რუსეთის მხრიდან მოჰყვა უმძიმესი პასუხი: მათ ადგილზე ოკუპანტებმა გახსნეს სამჯერ მეტი საგუშაგო, წაიღეს კიდევ უფრო დიდი ტერიტორია, სოფელ ჩორჩანას მოსახლეობამ დაკარგა ტყე, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, სახელმწიფომ მიიღო რეპუტაციული ზიანი. თუმცა, პროვოკაციის მთავარი მიზანი ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა იყო, რომელიც დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ომშიც შესაძლოა, გადაზრდილიყო. ეს ქმედება შეგვიძლია, განვიხილოთ სავარაუდო პროვოკაციის მინი მოდელად, რასაც ხელისუფლებასთან გაკარების შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაიდენს. საკვანძო მომენტი იყო ასევე 20 ივნისის მოვლენებიც, რომელიც ასევე ძალიან კარგად გახსოვთ თქვენ ყველას, როდესაც პოლიცია პარლამენტის წინ ისეთ ადგილას განალაგა, რომ აგრესიულ მომიტინგეებთან დაპირისპირება იყო გარდაუვალი, რასაც რეზინის ტყვიების გამოყენებაც მიაყოლა. გახარიასთვის მთავარი დავალება აქაც ხელისუფლებისა და პოლიციის დისკრედიტაცია იყო, რაც იმ ეტაპზე წარმატებით შეასრულა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გახარიას პრემიერ-მინისტრად დაწინაურება მისი პატრონებისთვის გადახდილი ერთგვარი ხარკი იყო.
„ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა – თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? ალბათ გაგიჩნდებოდათ თქვენ ეს კითხვა. პასუხი მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა ეს შეგვიძლია, მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისათვის, რადგან გახარია მაშინ ჩამოშორდა შინაგან საქმეთა მინისტრობას, სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ.
იმის შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას გამო გადადგა, საზოგადოებამაც უკვე ყველაფერი ნათლად დაინახა – გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა. მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყო მთლიანად მორღვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა შეესრულებინა, ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ დაეკავებინა მელია. გახარია ისტერიულად ითხოვდა ორ დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორანით შემოსაპარად დასჭირდა და შემიძლია, აქვე დავამატო, შეგიძლიათ, თქვენ თვითონაც გაიხსენოთ, სად იყო მაშინ სააკაშვილი, იმ დღეებში, როცა გახარია ისტერიულად ითხოვდა ორ დღეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გახარია და ხაზარაძე დღეს უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობის“ ძველი ფლანგი.
„საბედნიეროდ, გახარიასა და მისი პატრონების გეგმა მაშინ არათუ გაიშიფრა, არამედ მოხერხდა ამ გეგმის აღკვეთა და პროვოკაციის თავიდან არიდება. შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, წარმოიდგინეთ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალურ მოძრაობის“ ძველი ფლანგი. ერთ-ერთი პირველი და მთავარი დავალება სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება“ იქნება, მათთვის მიცემული დავალება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.