მსჯავრდებულმა ქალებმა მათ მიერ შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს

10 ოქტომბერი 2024, 11:07 389 ნახვა

ერთ-ერთი  ქალი მსჯავრდებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელშწყობით გამართულ მოდების ჩვენებაზე მონაწილეობდა, ჩვენების დასასრულს „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გაათავისუფლეს - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

ჩვენებაზე წარმოდგენილი ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები ქალმა მსჯავრდებულებმა საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს. სამოსისა და სამკაულების დამზადება პატიმრებმა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში „მოდის დიზაინის პროგრამის“ ფარგლებში შეისწავლეს, რომელიც „ბიდისი აკადემიამ“ და ორგანიზაცია „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ უსასყიდლოდ განახორციელა. 

"ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. თამარ ტყეშელაშვილმა ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული კურსების განხორციელების მნიშვნელობას, რაც პატიმრებს დროის ნაყოფიერად გატარებისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს, გათავისუფლების შემდეგ კი ხელს უწყობს მათ ეფექტიან რესოციალიზაციას, დასაქმებას, შემოსავლის გაზრდას და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პატიმარ ქალებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენის საშუალება პირველად მიმდინარე წლის ივნისში, ვენეციის საერთაშორისო მოდის კვირეულზე მიეცათ, სადაც მათ სხვადასხვა აქსესუარით, მათ შორის, ტყავისა და თექით გაფორმებული მოდელები წარადგინეს; დღეს კი, მსჯავრდებულებმა საზოგადოებას ახალი კოლექცია შესთავაზეს.

ჩვენებაზე მოეწყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების პატიმრების მიერ არის დამზადებული. მსურველებს, ასევე, შეეძლოთ ჩვენებაზე წარმოდგენილი ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენაც. რეალიზაციით მიღებული თანხა მსჯავრდებულთა შემოსავალს წარმოადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში