არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას - ჰერჩინსკი

07 ოქტომბერი 2024, 12:24 122 ნახვა

არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა გასულ წელს ან ამ წელს ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირში სჯერათ დემოკრატიის.

„საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ე.წ. კოჰაბიტაცია აქვს – ვითარება, როდესაც მთავრობასა და პრეზიდენტს აქვთ განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები. მე ვარ ქვეყნიდან, სადაც ჩვენ ზუსტად ასეთი ვითარება გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა გასულ წელს ან ამ წელს ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას, თუმცა ამ დროისთვის, ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

მან კიდევ ერთხელ განმარტა საარჩევნო ბანერებზე რამდენიმე დღის წინ გაკეთებული თავისი განცხადება.

„თუ მეკითხებით იმაზე, რაც ვთქვი პარასკევს ბანერების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია თბილისში მრავალ ადგილას, მე კითხვა დამისვეს ჩემს მოსაზრებებზე და გავაზიარე ჩემი შეხედულებები გულწრფელად და ღიად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ, როდესაც ქართველებს ვესაუბრები. როგორც ევროკავშირის ელჩი, მაქსიმალურს ვაკეთებ და ყველა ჩემი კომუნიკაციის დროს, ვცდილობ უზრუნველვყო, რომ არასდროს დამადანაშაულონ ჩარევაში. კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ მოახლოებული არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ თავად ქართველებმა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ხალხი წავა და მისცემს ხმას თავისუფლად და დემოკრატიულად და რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რომ არჩევნები იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური. როგორც ევროკავშირი, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას. ძალიან გულდასმით შევისწავლით სხვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების შეფასებას და, რა თქმა უნდა, გულდასმით მოვუსმენთ ადგილობრივ დამკვირვებლებს.

 

შემიძლია, გავიმეორო ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ არჩევანი ქართველების ხელშია. 26 ოქტომბერს თქვენ თავად გადაწყვეტთ, რა მთავრობა გინდათ, რომ გყავდეთ თქვენს ქვეყანაში და როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ. ამავე დროს, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ისურვებს გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს შეიძლება, მოხდეს მხოლოდ ჩვენი ძირითადი ღირებულების საფუძველზე, რომლებიც გაწერილია ევროპულ ხელშეკრულებებში – თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ არჩეულ მთავრობასთან, თუმცა თუ ეს მთავრობა მოისურვებს საქართველოს ევროკავშირში შეყვანას, ეს ძირითადი ღირებულებები უნდა იყოს პატივცემული“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, არის თუ არა შანსი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის კუთხით პოზიტიური შეფასება იყოს.

„სამწუხაროდ, ამ კითხვას ვერ გავცემ პასუხს. უნდა დაველოდოთ გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას, მაგრამ შემიძლია გავიმეორო, რაც უკვე ვთქვი, რომ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას თუ გავითვალისწინებთ, გაეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ეთხოვათ განმარტება ნამდვილ განზრახვებზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაშინ, დიდი ალბათობით, რეკომენდაცია პოზიტიური არ იქნება. კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა პოზიტიური გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელიც ერთსულოვნად მიიღება, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის თქმით, მომდევნო დღეებსა და კვირებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო საქართველოს საკითხს განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში