„ენჯეოები“ 2022 წელს აპირებდნენ კონსტიტუციის გვერდის ავლით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, მცდელობა ჩაეფუშათ და ახლა პრეზიდენტის ხელით ისევ შემოაგდეს - პაპუაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 11:52 283 ნახვა

„ენჯეოები“ 2022 წელს აპირებდნენ კონსტიტუციის გვერდის ავლით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ეს ანტიკონსტიტუციური მცდელობა ჩაეფუშათ და ახლა სალომე ზურაბიშვილის ხელით ისევ შემოაგდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ენჯეოებმა“ თქვეს, რომ ტექნიკური მთავრობის იდეა გულისხმობს მთავრობის გადადგომას და იმგვარად დაკომპლექტდებას, რომ „ენჯეოებს“ ჰქონდეთ ვეტოს უფლება მთავრობის ჩამოყალიბებაში.

„პირველ ყოვლისა, დისკუსია, რომელიც მათ შიგნით აქვთ, ეს აჩვენებს ოპოზიციის სახეს. მათ ხელი მოაწერეს ამ ბანანის რესპუბლიკის ქარტიას, სადაც წერია ზუსტად ეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასახელოს კანდიდატი და რომ ერთ წელიწადში უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამას ხელი მოაწერეს და დღეს ვხედავთ, რომ უკვე უარყოფენ ამ ყველაფერს. ვნახეთ გიორგი გახარიას გამოხმაურება, რომელმაც ქარტიასაც უღალატა უკვე, როგორც ვატყობთ. ამ გუნდს ღალატი ძარღვებში და ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ორ დღეში უღალატეს იმას, რასაც ხელი მოაწერეს. ასე რომ, ამ ხალხის იმედი საერთოდ ვის უნდა ჰქონდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, ამათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება მოიპოვონ, რა ქაოსში გადააგდებენ ჩვენს ქვეყანას. რამდენიმე კვირის წინ ერთგვერდიანი ტექსტი შეადგინეს, ხელი მოაწერეს და ახლა უკვე ჩხუბი აქვთ იმაზე, არა, მე უნდა დავასახელო პრემიერ-მინისტრი თუ მთავრობის წევრი.

რაც შეეხება თავად ტექნიკური მთავრობის იდეას, ეს ახალი არ არის. შეგახსენებთ, ეს იდეა გაჟღერდა 2022 წლის ივნისში, როდესაც „ენჯეოები“ პარლამენტის წინ ავიდნენ სცენაზე და აპირებდნენ კონსტიტუციის გვერდის ავლით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. გახსოვთ, ტექნიკური მთავრობის იდეა მაშინ გაჟღერდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „ისფედი“ და სხვები, დღეს რომ დამკვირვებლებად წარმოაჩენენ თავს, სცენაზე რომ იდგნენ. მათ თქვეს, რომ უნდა გადადგეს მთავრობა, ხალხის მიერ არჩეული და უნდა დაკომპლექტდეს იმგვარად, რომ „ენჯეოებს“, რომლებსაც არ აქვთ ხალხის არანაირი ლეგიტიმაცია და აქვთ მხოლოდ უცხოური დაფინანსების სახით, უნდა ჰქონდეთ ვეტოს უფლება ამ მთავრობის ჩამოყალიბებაში. ასე რომ, ეს იდეა, მოთხოვნა, ეს ულტიმატუმი, ხედავთ, როგორ გამოაცოცხლა ახლა და ხელახლა შემოგვიბრუნა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ საზოგადოებას. ის ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რომელიც მაშინ ჩაეფუშათ, ახლა ქალბატონი სალომეს ხელით შემოაგდო მან, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას.

ასევე, იქ ითქვა, რომ ამ მთავრობაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და უნდა იყვნენ სხვები. სინამდვილეში, ეს არის ზუსტად ის სცენარი, რომელიც 2022 წლის ივნისში უნდოდათ, „ენჯეოების“ ხელით განეხორციელებინათ ხალხისგან მანდატის არმქონე ჯგუფებს, თუ ვისგანაც იყვნენ ისინი მართული და ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლება ჩაეგდოთ. ამ მხრივ უნდა შევხედოთ, როგორც 2022 წლის ივნისის ხელისუფლების არაკონსტიტუციურად ხელში ჩაგდების მცდელობის გამეორება და გარკვეულწილად, კონსტიტუციის გვერდის ავლის მცდელობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი